საახალწლო ტრადიციები ქართლში


ახალი წლის ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხავადსხვანაირია. ქართული ტრადიციის მიხედვით, თოვლი ბაბუა თეთრ ჩოხაში გამოწყობი წვერ-ულვაშიანი მომღიმარი კეთილი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის. საქართველოში ახალ წელი თოვლის ბაბუასთან ერთად მეკვლესთანაც ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ. იგი პირველია ვინც ახალი წლის ღამეს შედის ოჯახში და მასპინძელს ხვავსა და ბარაქას უსურვებს. ცუდი ფეხის მქონე მეკვლის სახლში შემოშვება არ არის სასურველი. ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება.

საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები.“

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ.


)