"დილაში ეს კაცი ჩემთვის მამასავით იყო" - კოვტალიუკს გორელებთან კონტრაქტი ამოეწურა


გორის დილას 25 წლის უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი თვლის, რომ აწ უკვე დასრულებულ სეზონში გუნდის წარმატებაში მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ დიდი წვლილი შეიტანა.

adjarasport.com ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ბომბარდირს უკრაინაში დაუკავშირდა და სეზონი შეაფასებინა.

-სეზონი დასრულდა... იყო დიდხნიანი პაუზა, თუმცა გუნდმა კარგ შედეგს მიაღწია. ფსიქოლოგიურად რთული წელი იყო?

-ზოგადად, ცუდი სეზონი არ იყო, უკეთესიც შეიძლება გვქონოდა. სეზონის პირველი წრე მაგრად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში ბევრი მიზეზის გამო მცირე ჩავარდნები იყო, თუმცა მესამე ადგილი ძალიან დამსახურებულია. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული სეზონი გამოდგა, რადგან დიდხანს ვარჯიშების და თამაშების გარეშე ვიყავით. ეს ყველასთვის პრობლემაა, მით უმეტეს, ლეგიონერებისთვის. რთულია, ასეთი სეზონის შემდეგ პოზიტიური ემოციები არ გაგყვეს.

-წინა წლებში უფრო მეტი გაგიტანია, თუმცა ახლა ბომბარდირი გახდი. იყო ეს სეზონი შენთვის საუკეთესო საქართველოში ყოფნის პერიოდიდან?

-ვფიქრობ, აქ გატარებული ყველა სეზონი კარგი იყო, ვერ შევაფასებ, რომელია უკეთესი. ახლა მხოლოდ 18 მატჩი იყო, მაგრამ 16-ჯერ ვითამაშე. ამ სეზონში ბომბარდირი გავხდი, ამიტომაც, უკვე განსაკუთრებული პერიოდია. მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

-მას შემდეგ, რაც საქართველოში თამაშობ, პირველადაა ისეთი სიტუაცია, როცა შენი გუნდი ევროტურნირებზე ითამაშებს. როგორი იქნება შენი მომავალი, შემდეგ სეზონშიც დილაში გიხილავთ?

-ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის გამო და ვამაყობ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ დილა ევროტურნირებზე დავაბრუნეთ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, გორის დილასთან კონტრაქტი ამომეწურა. ვერ ვიტყვი ახლა, რა იქნება მომავალში. ყველა ვარიანტს განვიხილავ.

-გორის დილაში რამდენიმე მწვრთნელთან გიმუშავია, საუკეთესო შედეგი გუნდმა გიორგი ნემსაძესთან ერთად დააფიქსირა. რა შეგიძლია გვითხრა მასზე?

-გიორგი ნემსაძე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. ის ემოციურია მხოლოდ თამაშის და ვარჯიშის პროცესში, მაგრამ საფეხბურთო მოედნის გარეთ ის ჩემთვის მამასავით იყო, მასთან ბევრს ვლაპარაკობდი. ცხოვრებაში ის მშვიდი და თავშეკავებული ადამიანია. მისი საფეხბურთო ხედვა და სტილი ძალიან მომწონს, მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. ამ სეზონში გიორგი ნემსაძე ძალიან დამეხმარა და მადლიერი ვარ მისი, რაც ჩემს საფეხბურთო ასპექტში განავითარა.

2020 წლის სეზონში მიკოლა კოვტალიუკმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყარო : adjarasport.com


)