მასობრივი ვაქცინაცია გორშიც მიმდინარეობს


გორში, „გორმედის“ ქსელის კლინიკაში, მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით, ვაქცინაცია შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

მასობრივ ვაქცინაციაში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის - გორის გოგონათა გუნდის დირიჟორი, ნინო წიკლაური და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი - მამუკა ნადირაძე (სკიპი) აიცრნენ.

ვაქცინაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე გაეცნო. მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს, დროულად აიცრან, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი.


)