გიორგი ხოჯევანიშვილი წინასაარჩევნო პოსტს აქვეყნებს


"ჩემო გორელებო და კასპელებო, წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში, ვესტუმრე მუნიციპალიტეტების ყველა სოფელს და გორისა და კასპის ყველა უბანს. შევხვდი პედაგოგებს, სპორტსმენებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ახალგაზრდებს, კულტურისა და ტურიზმის წარმომადგენლებს, ადამიანებს, ვინც ქვეყნის მომავალს ქმნიან. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, საერთო მიზნებზე, ხშირად მიზიარებდით თქვენს მოსაზრებებსა და ინიციატივებს. ჩვენ, ერთად უნდა დავიწყოთ ბევრი შრომა და მჭიდრო თანამშრომლობა ამ გეგმების, იდეებისა თუ ინიციატივების განხორციელებისთვის. მით უმეტეს, რომ ამის კარგი გამოცდილება გვაქვს, ჯერ კიდევ იმ ხნიდან, როდესაც შიდა ქართლის რწმუნებულის პოზიციაზე ვმუშაობდი.

არ შეიძლება არ აღვნიშნო ახალგაზრდების აქტიურობა და მოტივაცია. თქვენ კარგად იცით ჩემი მათდამი დამოკიდებულება, თუ რამხელა ძალას ვხედავ მათში და ჩემი კამპანიის ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი ამაში, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს მათ წვლილს ქვეყნის განვითარებაში. ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც აუცილებლად დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების და გამთლიანების საქმეში.

ჩვენი გუნდი კვლავაც გააგრძელებს ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდას, სპორტის მხარდაჭერას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებას და სხვა სფეროებში რიგი პროექტების განხორციელებას. დიდი ყურადღება მიექცევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მთის სტატუსის მქონე სოფლებს. აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის მქონე პირებზე ზრუნვას. მათი პენსია 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება. ახლა მთავარია ერთად დგომა დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად.

,,ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მასზე ზრუნვაა, ამიტომ ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება, გეგმა თუ პროექტი სწორედ თქვენი საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარეობს.

მე ვიქნები თქვენი ხმა და საიმედო მეგობარი პარლამენტში.

მჯერა, ერთად ავირჩევთ უკეთეს მომავალს!" - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.


)