სოფელ ახალუბანში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ადგილობრივებს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა - მიხეილ გოგინაშვილი


„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა.

მმართველი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, მიხეილ გოგინაშვილის განცხადებით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატებს ხევდნენ, ადგილობრივებმა კი მათ შენიშვნა მისცეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამართალდამცველებს მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანის ცენტრში მოხდა ინციდენტი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ იყო პროვოცირებული. ამ მოძალადე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ პლაკატების ჩამოხევა და თავიანთი პლაკატების გაკვრა სცადეს, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. ამის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მათ ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივ მცხოვრებლებს“, - აცხადებს მიხეილ გოგინაშვილი.

ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო : Imedinews.ge


)